ერეკლე ზურმუხტაშვილი - კრეატიული ინდუსტრია ყველაფერს გააკეთებს, რათა ბიზნესს ტრანსფორმირებაში დავეხმაროთ და სამსახური არავინ დაკარგოს
კრეატიული ინდუსტრია ადამიანურ კაპიტალზე დგას და ამ ეტაპზე შემცირებები არ იგეგმება. მეტიც, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სხვა ბიზნესებს ტრანსფორმირებაში დავეხმაროთ და სამსახური არავინ დაკარგოს. ამის შესახებ საკომუნიკაციო კომპანია „ლევინგსტონის“ საოპერაციო დირექტორმა, ერეკლე ზურმუხტაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში კრეატიულ ინდუსტრიაზე ახალი კორონავირუსის გავლენა და ახალ ციფრულ რეალობაზე ბიზნესის გადაწყობის აუცილებლობის საკითხი განიხილეს.
დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ როგორც ბოლო კვლევები აჩვენებს, საერთაშორისო მასშტაბით კრეატიული და სარეკლამო ინდუსტრიის კამპანიების ფაქტობრივად 90 პროცენტით შეჩერდა. თუმცა, ინდუსტრიის უმეტესი ნაწილი მაინც ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს.
გადაცემის სტუმრებმა დაადასტურეს, რომ გამონაკლისი არც ქართული სარეკლამო ინდუსტრია გამოდგა, რომელმაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დიდი დარტყმა განიცადა, რადგან კლიენტების უმეტესობამ მუშაობა შეწყვიტა და ხარჯების შემცირებაზე გადავიდა. თუმცა, მათი მოსაზრებით, კრიზისი ციფრული ეკონომიკის განვითარებას დააჩქარებს და ახალი პერსპექტივები გამოჩნდება.
„ლევინგსტონის“ საოპერაციო დირექტორის განმარტებით, დარგი გაჩერებას სულაც არ გეგმავს და პირიქით, კრიზისის დაძლევაში სხვა ბიზნესებსაც დაეხმარება. მისი თქმით, საკომუნიკაციო ინდუსტრია ერთსულოვანია იმაშიც, რომ მოცემულ ეტაპზე კადრების შემცირება არ მოხდეს.
„ჩვენი ინდუსტრია სრულად ადამიანურ კაპიტალზე დგას. სხვა რამე ძვირადღირებული კაპიტალი ან მანქანადანადგარები არც გვაქვს ადამიანური რესურსის გარდა, ამიტომ თითოეული ადამიანი ჩვენთვის ძვირფასია და ყველაზე ნაკლებად გვინდა, რომ ადამიანებს შეველიოთ. ეს ჩვენი ასოციაციის შეხვედრაზეც გაჟღერდა. ზოგადად, ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, საფრთხე არის, რადგან მთელი მსოფლიო გაურკვევლობაშია და ბიზნესებმა არ იციან, რას ელოდონ. მაგრამ ამ გადმოსახედიდან, სამსახურიდან დათხოვა არ იგეგმება და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ბიზნესებს დავეხმაროთ ტრანსფორმაციაში, რათა მხოლოდ ჩვენთან კი არა, სხვა ბიზნესში დასაქმებულმა ადამიანებმაც არ დაკარგონ სამუშაო ადგილი“, – განაცხადა ზურმუხტაშვილმა.
მისი განმარტებით, კრეატიული ინდუსტრია უკვე მუშაობს, რათა ადგილობრივი ბიზნესი გაციფრულებისკენ სწრაფი ტემპით წავიდეს.
„ის დრო წავიდა, როცა დაჯდებოდი ერთი თვე, ყველა ასპექტს კარგად გააანალიზებდი და მერე განახორციელებდი. ახლა, დილით რომ მოიფიქრებ, საღამოს უკვე უნდა გააკეთო, ისეთი სიტუაციაა. ძირთადად, ეს კრიზისი მომსახურების სფეროს შეეხო, საშუალო და მცირე ბიზნესს და სავაჭრო ობიექტებს. განსაკუთრებით, სავაჭრო ობიექტების ნაწილში, სადაც ბრენდები იყო წარმოდგენილი მაღაზიებში, დიდი პოტენციალი არსებობს, რომ ფიზიკური სივრცე ონლაინში გადავიდეს. საქმე ისაა, რომ ის საჭიროება, რაც მომხმარებელს ჰქონდა, არ გამქრალა, უბრალოდ, ფიზიკური შეხების წერტილი აღარ აქვს და შეიძლება, ჩანაცვლება ონლაინსივრცეში მოხდეს. მაღაზიების გაციფრულება ყველაზე პრიმიტიული მაგალითია და სხვა სტრატეგიაც არსებობს, რომელზეც კონკრეტულად ვმუშაობთ და აქტიურად შევთავაზებთ ჯერ ჩვენს პორტფელში არსებულ ბრენდებს და მერე სხვა ბრენდებსაც“, – განუცხადა ერეკლე ზურმუხტაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.