ერდოღანი ავსტრიის კანცლერს - თქვენი გამოუცდელი ქმედებები შესაძლოა, ძალიან ძვირი დაგიჯდეთ
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ავსტრიის ხელისუფლებას აკრიტიკებს. ამის მიზეზი ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის გადაწყვეტილებაა, დახუროს შვიდი მეჩეთი და გააძევოს ქვეყნებიდან ათობით იმამი. გამოცემა Hurriyet daily news-ის ინფორმაციით, ერდოღანმა განაცხადა, რომ ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილება ავსტრიაში მცხოვრები 250 ათასი თურქის უფლებებს ლახავს.
„მოვუწოდებ ავსტრიის მთავრობის მეთაურს, თქვენ ახალგაზრდა ხართ და გამოცდილება გჭირდებათ. თქვენი გამოუცდელი ქმედებები შესაძლოა, ძალიან ძვირი დაგიჯდეთ“,- განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ავსტრიის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, „ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა“ გამოიწვიოს.
„ასევე მოვუწოდებ მთელ დასავლეთს, განსაკუთრებით გერმანიას, საღ ჭკუაზე მოიყვანეთ თქვენი კაცი. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია შესაძლოა, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის თქმით, თურქეთს მზად აქვს საპასუხო ზომები, რაც წინააღმდეგობას გაუწევს თურქების შევიწროებას.