ერდოღანი ავსტრიის კანცლერს – თქვენი გამოუცდელი ქმედებები შესაძლოა, ძალიან ძვირი დაგიჯდეთ

14:13, 12.06.2018

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ავსტრიის ხელისუფლებას აკრიტიკებს. ამის მიზეზი ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის გადაწყვეტილებაა, დახუროს შვიდი მეჩეთი და გააძევოს ქვეყნებიდან ათობით იმამი. გამოცემა Hurriyet daily news-ის ინფორმაციით, ერდოღანმა განაცხადა, რომ ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილება ავსტრიაში მცხოვრები 250 ათასი თურქის უფლებებს ლახავს.

„მოვუწოდებ ავსტრიის მთავრობის მეთაურს, თქვენ ახალგაზრდა ხართ და გამოცდილება გჭირდებათ. თქვენი გამოუცდელი ქმედებები შესაძლოა, ძალიან ძვირი დაგიჯდეთ“,- განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ავსტრიის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, „ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა“ გამოიწვიოს.

„ასევე მოვუწოდებ მთელ დასავლეთს, განსაკუთრებით გერმანიას, საღ ჭკუაზე მოიყვანეთ თქვენი კაცი. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია შესაძლოა, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის თქმით, თურქეთს მზად აქვს საპასუხო ზომები, რაც წინააღმდეგობას გაუწევს თურქების შევიწროებას.

მსგავსი