ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ შალენბერგი ქვეყნის კანცლერი გახდება
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ შალენბერგი ქვეყნის კანცლერი გახდება

ავსტრიის ახალი კანცლერი ალექსანდერ შალენბერგი გახდება, რომელიც სებასტიან კურცის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ალექსანდრ შალენბერგი კანცლერის ფიცს დღეს დადებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დერ ბელენმა განაცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ავსტრიის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამთავრობო კრიზისი დასრულებულად გამოაცხადა და ყველას მოუწოდა, მთელი ძალისხმევა ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობისკენ მიმართონ.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოქალაქეების ნდობა პოლიტიკისადმი ძლიერ შეირყა“, – განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.

სებასტიან კურცმა ავსტრიის კანცლერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 9 ოქტომბერს, პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ფონზე განაცხადა.

ავსტრიის პროკურატურამ, რომელიც ანტიკორუფციულ საქმეებს იძიებს, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აწარმოებს სებასტიან კურცისა და კიდევ ცხრა სხვა პირის საქმეებს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ნდობის ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაში.

სებასტიან კურცი ქვეყნის პარლამენტში „ავსტრიის სახალხო პარტიის“ ფრაქციას უხელმძღვანელებს. გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებისას მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტს კანცლერის თანამდებობაზე ალექსანდრ შალენბერგის კანდიდატურა შესთავაზა.

დატოვე კომენტარი