ერაყის უსაფრთხოების ძალებსა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად 31 ადამიანი დაშავდა
ერაყის უსაფრთხოების ძალებსა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად 31 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიღებული.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, 17 ადამიანია დაშავებული ბაღდადში და 14 სამხრეთით მდებარე ნასირიაში.
ამასთან, ტელეკომპანია „ალ-არაბია“ იუწყება, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ერაყში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებისას 12 ადამიანი გარდაიცვალა.
დემონსტრანტები ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და ერაყის პოლიტიკაში უცხო ქვეყნების ჩარევას აპროტესტებენ. ანტისამთავრობო გამოსვლები ერაყში ოქტომბრიდან იმართება.
ამის პარალელურად, გავლენიანი შიიტი მუსლიმი მქადაგებელი მუქტადა ალ-სადრი მომხრეებს კვირას, 26 იანვარს ბაღდადში, აშშ-ის საელჩოსთან, ასევე სხვა ქალაქებში ანტიამერიკული დემონსტრაციის გამართვისკენ მოუწოდებდა, თუმცა მოგვიანებით აქცია გააუქმა და განაცხადა, რომ ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობას წყვეტს. მისმა წარმომადგენელმა აღნიშნული გადაწყვეტილება შიდა არეულობის თავიდან აცილების სურვილით განმარტა.
აღსანიშნავია, რომ ერაყში პარასკევს, 24 იანვარს აშშ-ის სამხედროებს ყოფნის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.