ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პროცედურებზე განმარტებას აკეთებს
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პროცედურებზე განმარტებას აკეთებს

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პროცედურებზე განმარტებას აკეთებს.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებით ხშირად ისმის კითხვები, რატომ არ მზადდება „პირველადი“ და „შუალედური“ დასკვნებე. მათი განმარტებით, ექსპერტის დასკვნა კვლევების სრულად დასრულების შემდგომ მზადდება და არ არსებობს „პირველადი“ და „შუალედური“ ექსპერტის დასკვნები.

„პირველ რიგში გვინდა განვაცხადოთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ისეთივე ტრაგედიაა ექსპერტიზის ბიუროს თითოეული თანამშრომლისა და ექსპერტისთვის, როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

რამდენიმე განმარტება გვინდა გავაკეთოთ ექსპერტიზის პროცედურებთან დაკავშირებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებით ხშირად და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საზოგადოების მიერ ისმის კითხვები, რატომ არ მზადდება „პირველადი“, „შუალედური“ დასკვნები.

ექსპერტის დასკვნა არის სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის (ექსპერტის) მიერ შესაბამისი კვლევის ჩატარების საფუძველზე მომზადებული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც პასუხს იძლევა ექსპერტის წინაშე დასმული კითხვების თაობაზე. აღნიშნული კი შესაძლებელია მხოლოდ საჭირო კვლევების სრულად დასრულების შემთხვევაში.

ექსპერტიზა ტარდება დამკვეთის მიერ წარმოდგენილ მასალაზე დაყრდნობით. ამდენად, არ არსებობს „პირველადი“, „შუალედური“ ექსპერტის დასკვნები. ექსპერტიზის პროცესში საჭირო კვლევების სრულად დასრულების და გაანალიზების შემდგომ მზადდება ექსპერტის დასკვნა. ექსპერტის დასკვნის დასრულების შემდგომ დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია დაინიშნოს დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზა“, – აღნიშნულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადებაში.

ამასთან, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, რომ გამოძიების ფარგლებში დანიშნული ექსპერტიზების დასკვნა ეკუთვნის საგამოძიებო ორგანოებს და ბიურო არ არის უფლებამოსილი, საჯარო კომენტარი გააკეთოს კონკრეტულ საქმეებზე.

„ასევე, გვინდა განვმარტოთ, რომ ექსპერტიზის დასკვნა ეკუთვნის დამნიშნავს. გამოძიების ფარგლებში დანიშნული ექსპერტიზების დასკვნა ეკუთვნის საგამოძიებო ორგანოებს. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არ არის უფლებამოსილი რაიმე სახის განმარტება, კომენტარი გააკეთოს საჯაროდ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, ან ექსპერტიზასთან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცეს არადამნიშნავ პირს/ორგანიზაციას კანონით დადგენილი შემთხვევების გარდა.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები არიან ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალები, მაგრამ პირველ რიგში, არიან საქართველოს მოქალაქეები, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები და ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ასევე მნიშვნელოვანი, მტკივნეული და პრიორიტეტულია ბიუროს ექსპერტებისთვისაც.

კიდევ ერთხელ დიდ გულისტკივილს გამოვთქვამთ არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული დაღუპვის გამო და ჩვენი მხრივ, გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ როგორც ამ შემთხვევაში, ისევე სხვა ექსპერტიზების მიმართ ბიუროს ექსპერტები თავისი მაღალი პროფესიონალიზმის გათვალისწინებით აკეთებენ ყველაფერს, რათა მოამზადონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უტყუარი და მაღალკვალიფიციურ ექსპერტიზის დასკვნები“, – აღნიშნულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადებაში.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.