ექიმის შეფასებით, ცოტნე დადიანის გამზირზე ავტოავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია
თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ გამოკვლევები უტარდებათ.
„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი ქალბატონი ჩვენთან არის შემოყვანილი. ამ ეტაპისთვის ორივეს მდგომარეობა სტაბილურია და მიმდინარეობს კვლევები. ორივე პაციენტის შემთხვევაში ისახება თავის ქალის დახურული ტრავმა“, – განუცხადა ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, გიორგი მძინარიშვილმა.
თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე ავტოავარია დღეს საღამოს მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა. შსს-ს პრესსამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ ავარიის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, ქალი და მამაკაცი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორ ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.