ექიმის ინფორმაციით, ჯავახეთის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
როგორც ჟურნალისტებს თბილისის ზღვის ჰოსპიტალის ექიმმა, ზვიად დევდარიანმა განუცხადა, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა პაციენტი, დაახლოებით 21 წლის გოგონა. თავად პაციენტის გადმოცემით, ყოფილმა მეუღლემ მიაყენა დანით ჭრილობა ყელის არეში, საკმაოდ დიდი, თუმცა არა სისხლმდენი. ამ ეტაპზე შეფასდა როგორც საშუალო სიმძიმის ჭრილობა. ჭრილობა დამუშავდა შესაბამისად, გაიკერა კოსმეტიკური ნაკერებით. ამ ეტაპზე სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალს ყელის არეში დაზიანება მიაყენეს. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში.