ექიმის ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძის ოპერაცია დასრულდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია
ექიმის ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძის ოპერაცია დასრულდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია

„ქუჩის ბიჭების“ წევრ ირაკლი ნოზაძის ოპერაცია დასრულდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსმა, ნიკა ქარცივაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ.

„გადაგვყავს რეანიმაციაში. მოვახერხეთ სტაბილიზაცია. ჯერ იმყოფება პოსტოპერაციისა და ნარკოზის ქვეშ. გარკვეული პერიოდი ამ მდგომარეობაში დარჩება. მკურნალობა გაგრძელდება რეანიმაციის განყოფილებაში. ამ მომენტისთვის მდგომარეობა სტაბილურია. გაცილებით სტაბილურია, ვიდრე შემოსვლისას იყო, თუმცა ჯერ დასკვნების გაკეთება ნაადრევია“, – განაცხადა ნიკა ქარცივაძემ.

ირაკლი ნოზაძის მეგობრის, „ქუჩის ბიჭების“ წევრ ზურა ხაჩიძის განცხადებით, მისი ინფორმაციით, ნოზაძის დაჭრაში მონაწილე გოგონები დაკავებულები არიან.

„ვიცით, რომ ოპერაცია დასრულდა. სასწრაფოს ექიმებმა ძალიან სწრაფად იმოქმედეს. გადაგვარჩინა იმან, რომ დროზე მოიყვანეს საავადმყოფოში. შემდეგ უკვე ივაჟკაცეს ექიმებმა და დიდი მადლობა მათ. ჩემი ინფორმაციით, მგონი, დაკავებულები არიან ორივე. არავინ იცის, რასთან დაკავშირებით მოხდა. როგორც ვიცი, ორი გოგონა იყო და დაკავებულები არიან იმიტომ, რომ ვიდეომასალა არსებობს. გარე კამერები იყო და ამოიღეს ჩანაწერები და დააკავეს უკვე“, – აღნიშნა ხაჩიძემ.

პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ჯერ არავინ არის დაკავებული.

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი, ირაკლი ნოზაძე ცოტა ხნის წინ დიდუბეში დაჭრეს. ნოზაძის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.