ექიმის ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძე გულ-მკერდის არეშია დაჭრილი და მაგისტრალური სისხლძარღვი აქვს დაზიანებული
„ქუჩის ბიჭების“ წევრ ირაკლი ნოზაძეს ცივი იარაღით გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში აქვს ჭრილობა მიყენებული და ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლძარღვი აქვს დაზიანებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსმა, ნიკა ქარცივაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და მიმდინარეობს ოპერაცია.
„39 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობით შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კრიტიკულ მდგომარეობაში. ამჟამად მიმდინარეობს ოპერაცია. მოხერხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია, თუმცა ჯერ დასკვნების გამოტანა ნაადრევია. ცივი იარაღით მიყენებულია ჭრილობა გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში და ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლძარღვია დაზიანებული. სისხლის დანაკარგთან გვაქვს საქმე. ის კონდიცია, რაც აღვწერე, ბუნებრივია, ნიშნავს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას“, – აღნიშნა ნიკა ქარცივაძემ.
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი, ირაკლი ნოზაძე ცოტა ხნის წინ დიდუბეში დაჭრეს. ნოზაძის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.