ექიმი აცხადებს, რომ სოფელ ჭალადიდთან ავარიის შედეგად დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ხობში, სოფელ ჭალადიდთან ავარიის შედეგად დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის მორიგე ექიმმა, თამარ ჟვანიამ განუცხადა. მისი თქმით, დაშავებულს აღენიშნება პოლიტრავმები და ქვედა კიდურების მრავლობითი დაზიანება. არსებული ინფორმაციით, მას ამ წუთებში ფოთის ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება და შესაძლოა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს.
„შემთხვევის ადგილზე მისულებს დაგვხვდა სატვირთო ავტომანქანა ამოყირავებული. მძღოლი ჩაჭედილი საჭესა და საზურგეს შორის. სამაშველო ჯგუფი დაშავებულის ამოყვანის სამუშაოს ახორციელებდა. ჩვენ პარალელურად, ვუწევდით პაციენტს პირველად სამედიცინო დახმარებას. დაახლოებით სამი საათის შემდეგ გამოყვანილ იქნა პაციენტი და გადავიყვანეთ ფოთის ჰოსპიტალში. დაშავებულს აღენიშნება პოლიტრავმა, ქვედა კიდურების მრავლობითი დაზიანება,“- განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, სოფელ ჭალადიდთან სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.