ექიმების ინფორმაციით, ტყიბულში დაშავებული ერთი მეშახტის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი სტაბილური
მინდელის სახელობის შახტში დაშავებული სამივე პაციენტი მკურნალობას ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში განაგრძობს.
პაციენტი, რომელიც ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, უკვე ქუთაისშია გადმოყვანილი.
ექიმების თქმით, ორ პაციენტს ტვინის შერყევა აქვს და მათი მდგომარეობა სტაბილურია, მესამე დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა და ის კვლავ რეანიმაციაში რჩება.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.