ლევან ვეფხვაძე - შემოწმებისას დადგენილი ხარვეზები სამთო დარტყმებთან პირდაპირ კავშირში არ არის
ლევან ვეფხვაძე - შემოწმებისას დადგენილი ხარვეზები სამთო დარტყმებთან პირდაპირ კავშირში არ არის

ჩვენს კომპანიას უსაფრთხოება ძალიან მაღალ დონეზე აქვს დაყენებული და შემოწმების შედეგად დადგენილი ხარვეზები სამთო დარტყმებთან პირდაპირ კავშირში არ არის, – ამის შესახებ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მრჩეველმა სტრატეგიულ საკითხებში, ლევან ვეფხვაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა ობიექტზე მუდმივი სეისმური მონიტორინგი, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ღრმა შახტებში სამთო წნევები მაღალია და სამთო დარტყმების განვითარების რისკები არ არის. მისივე თქმით, სადაც მომეტებული რისკებია, იმ უბნების გამოკვეთა, მონიტორინგი, შესწავლა და იმ მეთოდით დამუშავება ხდება, რომელიც ერთ–ერთი საუკეთესოა.

„ეს ყველაფერი რისკების შესამცირებლად ხდება. ჯერჯერობით, მსოფლიოში რაიმე ტიპის უნივერსალური მეთოდი არ არსებობს, რათა კონკრეტულ უბანზე სამთო დარტმის 100%–იანი პროგნოზირება მოხდეს“, – განაცხადა ვეფხვაძემ. 

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, მაშინ, როცა ბოლო წლების განმავლობაში „საქნახშირის“ ობიექტებზე 20-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, დამდგარა თუ არა კომპანიისთვის სამართლებრივი შედეგი და რომელიმე შემთხვევაში გამოიკვეთა თუ არა კომპანიის ბრალეულობა, ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ შარშან მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, როცა ოთხი ადამიანი დაიღუპა, მართალია, გამოძიებამ შემთხვევასთან დაკავშირებით ტექნიკური სამსახურის უფროსის პირდაპირი ბრალი ვერ დაადგინა, მაგრამ იმის გამო, რომ უბედური შემთხვევა მოხდა და ეს ადამიანი კონკრეტული სამუშაოს დროს უსაფრთხოების სტანდარტებზე საბოლოო ჯამში მაინც პასუხისმგებელი იყო, ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.