რატი ობოლაძე - ნახშირის შახტში ახალი გვირაბების გაყვანა მუდმივად მიმდინარეობს, ყოველდღიურად შემოწმება კი შეუძლებელია
რატი ობოლაძე - ნახშირის შახტში ახალი გვირაბების გაყვანა მუდმივად მიმდინარეობს, ყოველდღიურად შემოწმება კი შეუძლებელია

შახტის მფლობელებს ვალდებულება არ აქვთ, თითოეული გამონამუშევარის დროს ნებართვა სახელმწიფოსგან აიღონ, – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, რატი ობოლაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ნახშირის შახტი საკმაოდ დინამიური მოპოვებითი პროცესია. იქ ყოველდღიურად ძველების გაუქმება და ახალი მოპოვებითი სამუშაოები, ახალი გვირაბების გაყვანა მიმდინარეობს. ამის ყოველდღიურად შემოწმება კი შეუძლებელია“, – განაცხადა ობოლაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უსაფრთხოების ნაწილში იყო თუ არა შემოწმებული ველი, სადაც ტრაგედია მოხდა, რატი ობოლაძემ აღნიშნა, რომ ისევე, როგორც ძველი, ახალი ველებიც პოტენციურად მსგავსი რისკების მატარებელია და ყოველდღიურად ახალი ველების გამომუშავება სახელმწიფოსთან არ თანხმდება, რადგან შეუძლებელია, სახელმწიფომ ყოველი ახალი გამონამუშევარი ყოველდღიურად შეამოწმოს.

მისი თქმით, ვინაიდან უბედური შემთხვევა არაგეგმური ინსპექტირების დაწყების საფუძველია, მინდელის შახტში სამშაბათს ჯგუფი გაიგზავნება, რომელიც მთლიანი შახტის მდგომარეობას შეისწავლის. 

„ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო საგამოძიებო ორგანო არ არის და ბრალეულობას ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ. ჩვენი ორგანო ამოწმებს ტექნიკური რეგლამენტის დაკმაყოფილებას და იმას, დაცულია თუ არა შახტში უსაფრთხოების ყველა კომპონენტი“, – განაცხადა ობოლაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მთლიანი შახტის დახურვას, რატი ობოლაძემ განაცხადა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, რომელიც სააგენტოს ზედამხედველობის ფუნქციონირებას განსაზღვრავს, კრიტიკული შეუსაბამობების არსებობისას გარკვეული უბნის, მონაკვეთის, ან პროცესის განგრძობადობის შეჩერებას ითვალისწინებს, მაგრამ მთლიანად კომპანიის დახურვა ზედამხედველობის ნაწილი არ არის.

„ეს ალბათ პოლიტიკურია. ნიშანდობლივია კიდევ ერთი დათქმა. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში პირდაპირ წერია, რომ თუ წარმოების შეჩერება უარეს შედეგს გამოიწვევს, არ უნდა შეჩერდეს. ჩემი ინფორმაციით, მიწისქვეშ არსებული მავნე, ფეთქებადსაშიში აირების კონსერვაციის სიძნელეებიდან გამომდინარე, შესაძლოა, შახტის, როგორც კომპლექსური, რთული მიწისქვეშა ობიექტის შეჩერება, რიგ შემთხვევებში, შედეგობრივად, უკუპროპორციული იყოს. ამიტომ, ამაზე ცალსახად ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა რატი ობოლაძემ.