თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„ბავშვის ზოგადი მდგომარეობა მოცემული დროისთვის უკიდურესად მძიმეა; უარყოფითი დინამიკის გარეშე, თუმცა არც დადებითი დინამიკა არ არის გამოხატული. პაციენტი რჩება მართვით სუნთქვაზე. ჰემოდინამიკური მაჩვენებლების სტაბილიზაცია ხდება მედიკამენტოზური დახმარებით. რაიმე სახის ქირურგიულ ჩარევას ამ წუთას არ საჭიროებს, პაციენტი აგრძელებს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მას აქვს თავის ტვინის დაზიანება და მუდმივად იმყოფება ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ. აქვს მრავლობითი მოტეხილობები. სასწრაფო ოპერაცია ჩატარდა შემოსვლის მომენტში მხრის სახსრისა და კოჭ-წვივის მოტეხილობების გამო. აღენიშნება მრავლობითი ექსკორიაციები სახეზე“, – განაცხადა იაშვილის კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის უფროსმა, მაკა თევზაძემ.
შემთხვევა 12 დეკემბერს დიღმის მასივში მოხდა. შემთხვევას წინ პოლიციის განყოფილებაში მოზარდის მოწმის სახით დაკითხვა უძღოდა. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
როგორც ადვოკატი რევაზ აჭარაძე აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. იურისტის თქმით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მოხდა.
„ჩვენ დაგვიკავშირდა ოჯახი, როდესაც ბავშვი უკვე იაშვილის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იწვა. მივიღეთ ინფორმაცია, რომ 10-11 დეკემბერს არასრულწლოვანზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა განყოფილებაში გამომძიებლის, სხვა თანამშრომლებისა და სავარაუდოდ განყოფილების უფროსის ან მისი მოადგილის მხრიდან. განხორციელდა გარკვეული მუქარა და იძულება. მაშინვე მივმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს, რომ გამოძიება დაეწყოთ მოწმეზე ჩვენების მიცემის იძულების ფაქტზე. მაგ მომენტში გავიგეთ, რომ გამოძიება დაწყებული იყო თვითმკვლელობამდე მიყვანაზეც, მაგრამ ამას აწარმოებდა იგივე განყოფილება, რომელმაც იძალადა ამ პიროვნებაზე, რაც მიუღებელია“, – აცხადებს ადვოკატი.
მისივე ინფორმაციით, მოზარდის მშობელს გენინსპექციისთვისაც ჰქონდა მიმართული.
„ინსპექტორის საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში გამოკითხულია მშობელიც, ძმაც და მიმართული აქვთ, რომ ვიდეომასალაც ამოიღონ და დაათვალიერონ. როგორც პოლიცია ეუბნებოდა ამ არასრულწლოვანს მათ უკვე იცოდნენ, რომ ის თითქოსდა შეიპარა „მწვანე სკოლაში“, სადაც მოხატა პულვერიზატორით კედლები, დაფები და ასევე გააფუჭა სკოლის ჟურნალი. უთხრეს, რომ მისი სილუეტი ამოიცნეს კადრში. მშობელმა სთხოვა ეჩვენებინათ ეს კადრები, თუმცა არ აჩვენეს არანაირი კადრები და უბრალოდ ეუბნებოდნენ, შენნაირებისთვის გვიღიარებინებიაო და მოგვიგრეხია კისერიო. მშობლის თანდასწრებით შეიგინეს კიდეც ბავშვის მისამართით. ყველაზე მძიმე მომენტი კი ის იყო, რომ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, მშობლის გარეშე, თავის ოთახში შეიყვანა არასრულწლოვანი, სულ 2-3 წუთი დაყო მან კაბინეტში, რის შემდეგაც ეს ბავშვი გამოვიდა დათრგუნული და ატირებული, რის შემდეგაც თქვა, რომ ვაღიარებ რასაც მედავებითო. ეს მოხდა 11 დეკემბერს. ამ დროისთვის იყო უკვე გვიანი და ჩვენების მიცემის დასრულება ვეღარ მოასწრეს. ამიტომ დაიბარეს მეორე დღესაც. მეორე დღეს სამართალდამცველები ეუბნებოდნენ, რომ თუკი არ აღიარებდა ამ ქმედებას, მის ძმას შეექმნებოდა პრობლემები სასწავლებელში, გამოაგდებდნენ. თუკი არ აღიარებდა იზოლატორში ჩასვამდნენ, სადაც მერე ისინი მოუვლიდნენ. ციხით, მძიმე სასჯელით ემუქრებოდნენ. როგორც თავად უთხრა მშობელს, აღიარებას დასთანხმდა, რადგან მისი ძმა არ გაეგდოთ სასწავლებლიდან. ჩვენების მიცემის დასრულების შემდეგ, ცოტა ხანში ის გადმოხტა მაღალი სართულიდან“, – განაცხადა საია-ს ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.