ექიმების განცხადებით, ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ექიმების განცხადებით, ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მოზარდები მკურნალობას სტაციონალურ განყოფილებაში გადიან. ორი მათგანი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს, სამი კი „ამტელ ჰოსპოტალშია“ მოთავსებული.

„ამტელ ჰოსპოტალის“ ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ჩვენთან სამი პაციენტი მოიყვანეს, რთი ბიჭი და ორი გოგონა. ბიჭს აღენიშნებოდა თავზე დიდი ზომის ჭრილობა, რომელიც მინის ნამსხვრევებით იყო მიყენებული. პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული დამუშავება, ჭრილობა გაიკერა და მოთავსდა სტაციონარში. მდგომარეობა სტაბილურია, შეიძლება ითქვას გაუმჯობესებულია.

ასევე საავადმყოფოში ორი გოგონა შემოიყვანეს. მათ პატარ-პატარა ჭრილობები ჰქონდათ სახეზე, რომლებსაც ჩაუტარდა ქირურგიული დამუშავება.

სამივე პაციენტი იმყოფება სტაციონალურ განყოფილებაში, სავარაუდოდ მათ რამდენიმე დღეში გავწერთ“,- განაცხადა ბესიკ წივწივაძემ.

რაც შეეხება ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებულ ორ მოზარდს, კლინიკის ბავშვთა ნევროლოგის ინფორმაციით, მათ ტვინის შერყევა აქვთ.

„ამჟამად, ჩვენ კლინიკაში რჩება ორი პაციენტი. მათი დიაგნოზი არის თავის ტვინის შერყევა. პაციენტებს ჩაუტარდათ თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. ამ ეტაპზე სიცოცხლესთან შეუთავსებელი სიმპტომები არცერთ მათგანს არ აღენიშნება. შემოსვლიდან 24 საათში თუ მდგომარეობა სტაბილური იქნება, პაციენტები სახლში გაეწერებიან“,- განაცხადა ქეთევან ხმელიძემ.

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად ერთი მოზარდი გარდაიცვალა. მოსწავლე საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმის განცხადებით, პაციენტს ტრავმული შოკი და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა აღენიშნებოდა.

გარდაცვლილს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება. მას ბოლნისში, საკუთარ სახლში ხვალ გადაასვენებენ.

ბარათაშვილის ქუჩიდან კლინიკებში სულ ექვსი მოსწავლე გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.