ენტონი ბლინკენი - განვიხილავთ „ჰამასის“ პასუხს და ვიმსჯელებთ ისრაელის მთავრობასთან
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს „ჰამასის“ პასუხს, შემდეგ კი, ისრაელში ვიზიტისას ამ საკითხზე ქვეყნის ოფიციალურ პირებთან ერთად იმსჯელებს.
„როგორც იცით, კატარსა და ეგვიპტესთან ერთად ჩვენ წარმოვადგინეთ სერიოზული წინადადება, რომელიც მიზნად ისახავდა არა უბრალოდ წინა შეთანხმების გამეორებას, არამედ მის გაფართოებას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „ჰამასი“ გამოეხმაურა წინადადებას. ჩვენ ახლა განვიხილავთ ამ პასუხს და ხვალ ვიმსჯელებთ ისრაელის მთავრობასთან“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა კატარში ვიზიტისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ენტონი ბლინკენი განმარტავს, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, თუმცა სჯერა, რომ შეთანხმება შესაძლებელია და ამისთვის მუშაობას განაგრძობს.
„ყველაზე ეფექტური და საუკეთესო გზა წინსვლისთვის, რათა მივაღწიოთ სიმშვიდის ხანგრძლივ პერიოდს და ვიმუშაოთ კონფლიქტის დასრულებაზე, არის შეთანხმება მძევლების საკითხზე. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ინტენსიურად ვართ ორიენტირებული ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, – დასძინა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.
ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში კატარის შემდეგ ისრაელს ეწვევა.
ცნობისთვის, კატარის პრემიერ-მინისტრის, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალთანის განცხადებით, „ჰამასმა“ უპასუხა წინადადებას, რომელიც ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებასა და საბრძოლო მოქმედებების მუდმივ შეწყვეტას ითვალისწინებს. მისი განმარტებით, „ჰამასის“ პასუხი რამდენიმე შესწორებას მოიცავს, თუმცა, ზოგადად, ის „პოზიტიურია“.