ენგურჰესის ავარიულად გამორთვიდან ამ დრომდე საქართველოში 2 006 718 კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა
ქვეყნის უდიდესი ელექტროსადგურის – ენგურჰესის ავარიულად გამორთვის მომენტიდან ამ დრომდე, საქართველოში 2 006 718 კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტია განხორციელებული. ამის შესახებ პირველ არხს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ განუცხადეს.
იმპორტი ხორციელდება, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.
როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ აცხადებენ, ენგურჰესი კვლავ გაჩერებულია და მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია.
„სისტემას ენგურჰესიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამჟამად ქვეყნის ენერგომომარაგება ხდება ჰიდრო და თბოსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიითა და იმპორტირებული ელექტროენერგიის ხარჯზე’’, – აცხადებენ ელექტროსისტემაში.
ენგურჰესის ტექნიკური დირექტორის გია ხუბუას ინფორმაციით, ელექტროსადგურის სამანქანე დარბაზის ქვედა სართული 20 სანტიმეტრის სიმაღლეზე ჯერ კიდევ წყლით არის დაფარული. სავარაუდოდ, დაზიანებულია სატურბინე წყალსატარის მილი, რის გამოც ჰესის ძირითადი აგრეგატები მთლიანად გაჩერებულია. როდის იქნება შესაძლებელი ენგურჰესის სრული დატვირთვით ამუშავება, უცნობია.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, გუშინ, 20:11 საათზე, ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონსა და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.