ენგურჰესის ყველა ძირითადი აგრეგატი კვლავ გაჩერებულია
ენგურჰესის ყველა ძირითადი აგრეგატი კვლავ გაჩერებულია

ქვეყნის მთავარი ელექტროსადგურის – ენგურჰესის ყველა ძირითადი აგრეგატი კვლავ პარალიზებულია. სადგურის ტექნიკური დირექტორის, გია ხუბუას განცხადებით, სამანქანე დარბაზის ქვედა სართული 20 სანტიმეტრის სიმაღლეზე წყლით არის დაფარული. სავარაუდოდ, დაზიანებულია სატურბინე წყალსატარის მილი, რის გამოც ჰესის ძირითადი აგრეგატები მთლიანად გაჩერებულია.

გია ხუბუას ინფორმაციით, ელექტროსადგურის სრული დატვირთვით ამუშავებას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება.

ამ ეტაპზე, ელექტროენერგია მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება, ენერგოსისტემაში შექმნილი დეფიციტის შევსება თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით ხდება.

ენგურჰესის დაზიანების გამო, თბილისსა და რეგიონებში გუშინ საღამოს ენერგომომარაგების მხრივ პრობლემები შეიქმნა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით,  გუშინ, 20:11 საათზე, ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონსა და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.