„ენგურჰესი - მსოფლიო დონის ატრაქციის“ პროექტირება დასრულდა [ფოტო, ვიდეო]
12:09, 12.06.2018
ენგურჰესის მსოფლიო დონის ატრაქციად მოწყობის დეტალური პროექტირება დასრულებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, ფიზიკური სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ზონის ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე. მისი განვითარების კონცეფცია ასევე განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებისთვის.
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 4 სექტემბერს მიენიჭა.