ენერგოუსაფრთხოებისა და ზედამხედველობის სახელმწიფო სააგენტოს შექმნა იგეგმება, რომელიც ლიცენზიას იმ იურიდიულ პირებზე გასცემს, რომლებიც ელექტრულ სამუშაოებს უშუალოდ განახორციელებენ
ენერგოუსაფრთხოებისა და ზედამხედველობის სახელმწიფო სააგენტოს შექმნა იგეგმება, რომელიც ლიცენზიას იმ იურიდიულ პირებზე გასცემს, რომლებიც ელექტრულ სამუშაოებს უშუალოდ განახორციელებენ. შესაბამისი ცვლილებები „ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტით დგინდება ლიცენზიის მისაღებად/სერტიფიკატის მისაღებად საჭირო მოსაკრებელი. ლიცენზირების საფასური – 200 000 ლარი იქნება, ლიცენზიის მოქმედების ვადა კი – ორი წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ლიცენზირებული იურიდიული პირის მხრიდან აღნიშნული სალიცენზიო მოსაკრებელი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გადაიხდება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სააგენტოს დაუდგინდება ვალდებულება ლიცენზირებული კომპანიების რეესტრის შექმნის თაობაზე, მათი საქმიანობის კონტროლის/ანგარიშგების/პერიოდული შემოწმების ფორმისა და წესის შემუშავების თაობაზე. ასევე, განხორციელდება ცვლილებები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღების ნაწილში, რაც გამორიცხავს ამ ცვლილების ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილ ობიექტებში ამგვარი სამუშაოების წარმოებას არალიცენზირებული კომპანიების მიერ. კანონპროექტში საუბარია იმაზე, რომ შემოღებული იქნება სერტიფიცირების წესი, რომლის თანახმადაც, კომპანიებში დასაქმებული პირები, ვინც უშუალოდ განახორციელებენ ელექტრო-ტექნიკურ სამუშაოებს, ვალდებულები იქნებიან, შესაბამისი გადამზადების შედეგად მოიპოვონ უსაფრთხოების სერტიფიკატი.
„დღეს საქართველოში ელექტროგაყვანილობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება შესაბამისი ლიცენზიისა და კვალიფიკაციის არმქონე სუბიექტების მიერ ხორციელდება, მთელ რიგ შემთხვევებში ისეთი კადრების (პერსონალის) მეშვეობით, რომელთაც შესაბამისი კვალიფიკაცია და ცოდნა არ გააჩნიათ. დღეისათვის არ გაიცემა სამუშაოს განხორციელების ლიცენზია, შესაბამისად, სათანადოდ არ მოწმდება ცოდნისა და გამოცდილების ხარისხი, არ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი და ა.შ. ყველაზე მთავარია ის, რომ არ არსებობს ელექტრული ქსელების მოწყობისა და ელექტროენერგეტიკული დანადგარების/მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო, რაც მნიშვნელოვანად ზრდის უბედური შემთხვევების, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის რისკებს”, – განმარტავენ ინიციატორები.
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან უმრავლესობის წევრები დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ანტონ ობოლაშვილი, რატი იონათამიშვილი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი და ირაკლი კირცხალია.