„როიტერი“ - უკრაინა მოუწოდებს კანადას, არ გადასცეს „გაზპრომს“ ტურბინა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადისთვის“, რადგან ეს ეწინააღმდეგება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს
„როიტერი“ - უკრაინა მოუწოდებს კანადას, არ გადასცეს „გაზპრომს“ ტურბინა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადისთვის“, რადგან ეს ეწინააღმდეგება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს

უკრაინა მოუწოდებს კანადას, არ გადასცეს რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ ტურბინა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადისთვის“, რადგან ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, გასულ თვეში „გაზპრომმა“ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება 40%-ით შეამცირა, ამის მიზეზად კი იმ აღჭურვილობის დაბრუნების შეფერხება დაასახელა, რომელსაც კანადაში გერმანული კომპანია „სიმენსი“ სარემონტო მომსახურებას უწევს.

როგორც უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში არსებულმა წყარომ „როიტერს“ განუცხადა, უკრაინას აქვს ინფორმაცია, რომ კანადა ემზადება ტურბინის გადასაცემად, რადგან კანადას და გერმანიას არ სურთ, რომ ტურბინის საკითხი რუსეთმა გამოიყენოს საბაბად „ჩრდილოეთ ნაკადი 1-ის“ მილსადენით გაზის მიწოდების შესამცირებლად.

„სანქციები კრძალავს გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი აღჭურვილობის გადაცემას. თუ, ღმერთმა არ ქნას, ეს გადაწყვეტილება იქნება დამტკიცებული, ჩვენ მივმართავთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მათი მიდგომა გადაიხედოს. რადგან, თუ ქვეყნები არ შეასრულებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სანქციებთან დაკავშირებით შეათანხმეს, როგორ შეიძლება, ვისაუბროთ სოლიდარობაზე“, – განუცხადეს „როიტერს“ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში.

მედიასაშუალების ცნობით, კანადის ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, ასევე ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო ივნისში მოუწოდებდა კანადას, არ დაებრუნებინა რუსული ენერგოკომპანიისთვის ტურბინა. გაგზავნილ წერილში, მინისტრი ამტკიცებდა, რომ რუსეთს აქვს საკმარისი შესაძლებლობები, რომ სატრანზიტო მარშრუტებით შეინარჩუნოს გაზის მიწოდება კანადაში არსებული ტურბინის გარეშე.