ენერგოომბუდსმენი კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, კომუნალურ გადახდებთან მიმართებით აღრიცხვიანობის სისტემა შეიცვალა.
მისი განმარტებით, მაგალითად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მომხმარებლებისთვის სულადობის მიხედვით ქვითარში ერთდროულად ორი თვის ხარჯი არის დაფიქსირებული.
„ეს აბსოლუტურად გასაგებია, ვინაიდან თუ დეკემბერში ჩვენ ვიღებდით მხოლოდ ერთ ქვითარს, ისიც ნოემბრის ხარჯისთვის, დღეისთვის მოხდა ისე, რომ ნოემბრის და დეკემბრის თანხა კომპანიამ ერთდროულად მოითხოვა, ვინაიდან ჩახუროს 2021 წელი, გაასწოროს მთლიანად და შემდგომში აღრიცხვიანობის სისტემიდან გამომდინარე, გადავიდეს სწორედ ახალ სისტემაზე. შესაბამისად, წყალთან მიმართებით 2022 წლის იანვრიდან ჩვენ გვექნება მხოლოდ ერთი ქვითარი, რომელზეც დატანილი იქნება იანვრის ხარჯი და ყველაფერი გასწორდება. მომხმარებლებს უნდა ავუხსნათ, რომ წყლის კომპანიის მიმართ მათ ზედმეტი თანხები სულადობის მიხედვით არ გადაუხდიათ, ვინაიდან გაორმაგებული ხარჯი ასახული იყო სწორედ ორი თვის ქვითრიდან გამომდინარე, რომელიც შეადგენს ნოემბრის და დეკემბრის ხარჯს ერთდროულად“, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.
რაც შეეხება „თელმიკოს“ აბონენტებს, ვარდიაშვილის განმარტებით, აქ სისტემა უფრო რთულად იყო მოწყობილი, ვინაიდან არსებობდა რამდენიმე ციკლიანი აღრიცხვის წესი, შესაბამისად, ეს კომპანიაც უნდა გადავიდეს ერთ ციკლიან აღრიცხვაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა აბონენტისთვის აღრიცხვა თვის ერთი და იმავე დღეს იქნება.
„მაგალითად, თუ ციკლი იყო 20-დან 20 რიცხვამდე, შესაბამისად, მომხმარებელმა პირველი ქვითარი მიიღო 20 დეკემბერს, ხოლო 30 დეკემბერს მან მიიღო დამატებითი ქვითარი, რაც იმას გულისხმობს, რომ 10 დღის ხარჯი კვლავაც აისახა მათი აღრიცხვის ბარათზე. ამის შემდეგ, მომხმარებელი იანვარში მიიღებს დამატებით კიდევ ორ ქვითარს, მათთვის ვისი ციკლიც გადადიოდა იანვარში, ხოლო თებერვლიდან ეს პრობლემა გასწორდება და მომხმარებელი მიიღებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ ქვითარს, ისიც თვის ბოლოს და აქ ციკლი იქნება აბსოლუტურად გასწორებული, გადახდის ვადაც იქნება მთლიანად ყველა აბონენტისთვის მხოლოდ ერთი“, – აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა.
ენერგოომბუდსმენი განმარტავს, რომ აღრიცხვიანობის სისტემის შეცვლით, მომხმარებლებისთვის გადახდის ქვითრებში ზედმეტი თანხები და ზედმეტი ხარჯი არ ასახულა.
„შესაბამისად, მასობრივად მომხმარებლების ინტერების დარღვევას ამ ეტაპზე ადგილი არ აქვს. ჩვენ მზად ვართ, თითოეული მათგანი გადავამოწმოთ ინდივიდუალურად, თუკი ასეთი ეჭვი არსებობს კონკრეტული მომხმარებლის მხრიდან და ვინმე მოგვმართავს პრეტენზიით“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.