„ქართული დასი“ კომუნალურ გადასახადებზე ტარიფების შემცირებას ითხოვს
„ქართული დასი“ კომუნალურ გადასახადებზე ტარიფების შემცირებას ითხოვს

„ქართული დასი“ კომუნალურ გადასახადებზე ტარიფების შესამცირებლად საქართველოს მთავრობას ორკვირიან ვადას აძლევს.

პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) მიერ მიღებული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მძიმე იქნება სოციალურად დაუცველი ფენისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი კომისია ტარიფს არ გადახედავს და ძველ ნიშნულზე არ დააბრუნებს, „ქართული დასი“ მასშტაბური აქციების დაწყებას აანონსებს.

„ამ ტარიფების გადახდა შეუძლებელია. მოვითხოვთ, ორი კვირის ვადაში ტარიფი დაუბრუნდეს შესაბამის ნიშნულს. მით უმეტეს, რომ მაშინ იყო სრულიად ცრუ მოტივაცია და მთავრობის წევრები პირდაპირ აცხადებენ, იმიტომ გავზარდეთ, ლარის კურსი დაეცაო. ახლა ლარის კურსი ხომ გამყარდა, შესაბამისად, ორი კვირის განმავლობაში ველოდებით, რომ ტარიფები დაუბრუნდება ძველ ნიშნულს და სოციალურად დაუცველი ფენა კვლავ 200 კუბურ მეტრამდე ელექტროენერგიასა და გაზზე მიიღებს სუბსიდიას“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

პარტიის წევრები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მთავრობის ადმინისტრაციასთან მსვლელობით გადაინაცვლეს.