„ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გახანგრძლივების მოთხოვნით მიმართავენ
„ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გახანგრძლივების მოთხოვნით მიმართავენ

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მოახდინოს კომუნალური გადასახადე​ბის სუბსიდირება კიდევ ერთი თვით.

„ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს 200 კუბური მეტრის ბუნებრივი აირის კომპენსაცია მოსახლეობისთვის თებერვალ-მარტის პერიოდზე. არსებული პროგნოზით, სწორედ თებერვალსა და მარტში არის მოსალოდნელი ამინდის გაუარესება, რაც მოსახლეობაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნას გაზრდის. პრაქტიკულად, წინა წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში მოსახლეობის უმრავლესობამ ბუნებრივი აირის სუბსიდირებით ვერ ისარგებლა. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეიმუშაოს ბუნებრივი აირის სუბსიდირების ისეთი პროგრამა, რომლითაც მოსახლეობა ისარგებლებს“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„ევროპელი სოციალისტები“ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო სუბსიდირება ასევე უნდა შეეხოს არა მხოლოდ ბუნებრივ აირის, არამედ ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადებს.

„ვფიქრობთ, სახელმწიფოს გააჩნია შესაბამისი რესურსი, მოახდინოს როგორც ბუნებრივი აირის სუბსიდირება, ასევე კომპენსაციის დაწესება როგორც ელექტროენერგიის, ასევე წყლის გადასახადებზე. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დახმარება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გაუწევს საკუთარ მოსახლეობას პანდემიით გამოწვეულ უმძიმეს სოციალურ ვითარებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპელი სოციალისტები ასევე მოუწოდებენ მთავრობას, მოხსნას ან შეამსუბუქოს არსებული რეგულაციების ნაწილი და აუცილებლად აღადგინოს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.