ენერგოომბუდსმენი - „ეროვნული ენერგოომბუდსმენის ქსელის“ წევრობა ძალიან მნიშვნელოვანია
2018 წლიდან საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატი ,,ეროვნული ენერგოომბუდსმენის ქსელის” ოფიციალური წევრი გახდა. ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, იმ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა, რომელიც მომხმარებელთა უფლებების მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებაზე მუშაობს, საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
,,ორგანიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობის ქვეშ არის შექმნილი. ორგანიზაციას ჯერ-ჯერობით მხოლოდ ათი წევრი ქვეყანა ჰყავს. მათ შორის წამყვანი ქვეყნები არიან ბელგია, საფრანგეთი, იტალია, ბრიტანეთი არის თავმჯდომარე ქვეყანა. აქ გაწევრიანება ხდება მხოლოდ იმ დამსახურებების მიხედვით, რომელსაც ორგანიზაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს. რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია, ერთ-ერთი პირობა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის არის ევროკავშირის წევრობა, რაც ჩვენს შემთხვევაში ასე არ ყოფილა. თუმცა, 2017 წლის ოქტომბერში, როდესაც ბრიტანეთში გენერალური სხდომა გაიმართა, ორგანიზაციამ დაუშვა გამონაკლისი საქართველოსთვის და თქვა, რომ წესდებაში უნდა შესულიყო ცვლილება და საქართველოს უნდა მისცემოდა უფლება ამ ორგანიზაციის წევრობის პრეტენდენტი გამხდარიყო. შესაბამისად, ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ იმისათვის, რომ უკვე 2018 წელს გავმხდარიყავით NEON-ის წევრი”,- აღნიშნა ვარდიაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ მიერ ნორმატიული აქტის სახით მიღებული ნებისმიერი დოკუმენტი, სავალდებულო იქნება შესასრულებლად წევრი ქვეყნისთვის, რაც რასაკვირველია, მომხმარებელთა უფლებების დაცულობას უფრო მაღალ დონეზე აიყვანს.
სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, საფრანგეთში 8 იანვარს გამართულ კონფერენციაზე საუბარი შეეხო ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ომბუდსმენის სამსახური უნდა განიხილებოდეს დავების განხილვის ალტერნატიულ ორგანოდ.
NEON-ის შემდეგი გენერალური შეხვედრა 2018 წლის მარტში, თბილისში გაიმართება.