ენერგოომბუდსმენი - 2017 წელს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 4 338 განცხადება დაფიქსირდა
ენერგოომბუდსმენი - 2017 წელს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 4 338 განცხადება დაფიქსირდა

2017 წელს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 4 338 განცხადება დაფიქსირდა. სამართლებრივი კონსულტაციისთვის მივიღეთ 10 000-მდე ვიზიტორი და აქტიური მუშაობის შედეგად, მომხმარებელთა პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ჩამოიწერა 3 მილიონამდე ლარი, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის შეჯამებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, 2017 წელს საზოგადოებრივი დამცველის აქტიური საქმიანობის შედეგად გამოიკვეთა არაერთი პრობლემა, რომელთა ნაწილიც ენერგოომბუდსმენის აქტიური ჩარევის შედეგად გადაიჭრა.

სალომე ვარდიაშვილის განმარტებით, ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველაზე მეტი საჩივარი დაიწერა წყალმომარაგების სექტორში და ამ ციფრმა 1 718 შეადგინა, მეორე ადგილზეა საჩივრების რაოდენობით ბუნებრივი გაზის სექტორი – 1 350 განაცხადით, მესამეზე კი ელექტროენერგეტიკა – 1 270 საჩივრით.

სალომე ვარდიაშვილი ყურადღებას ამახვილებს ბუნებრივი გაზის სექტორში არასათანადო უსაფრთხოებაზე.

მისი განმარტებით, 2017 წელს გამორჩეული იყო მომხმარებელთა სიკვდილიანობით.

„ელექტროენერგეტიკის სექტორში ძალიან მწვავედ დგას რეგიონებში მოძველებული ინფრასტრუქტურის პრობლემა, რის გამოც მომხმარებლები ვერ იღებენ სათანადო მომსახურებას, კონკრეტულად ცვალებადი ძაბვისა და ხშირი წყვეტების გამო. ეს პრობლემა შენარჩუნდება, ვინაიდან სრული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების შედეგად იქნება აღმოფხვრილი. გარდა ამისა, კახეთის რეგიონში მომხმარებლები ვერ სარგებლობდნენ მთის კანონით, რომელიც ჩვენი უშუალო ჩარევით მოხერხდა. გაზის სექტორში აუცილებლად უნდა გამოვყოთ უსაფრთხოების ნაწილი, ვინაიდან 2017 წელი გამორჩეული იყო სწორედ ფატალური შედეგებით და მომხმარებელთა სიკვდილიანობით, რა დროსაც ჩვენ აქტიური კამპანიები ვაწარმოეთ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით და კომპანიები დავავალდებულეთ, რომ კიდევ უფრო მეტი ტექნიკური შემოწმებები ჩატარებულიყო. საჩივრების რაოდენობით ლიდერია წყალმომარაგების სექტორი. კვლავ პრობლემურია სათანადო მომსახურება, ხშირია წყვეტები და კომპანიის მხრიდან სამუშაოების არაგონივრულად გაჭიანურება, ამასთან, გამრიცხველიანებული სექტორისთვის დედაქალაქის მასშტაბით ანათვალის დაგვიანებული აღება.“, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.