ენდრიუ ვებერი - მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას, კარი გაუღოს რუსეთის კორუფციული სისტემის ლტოლვილებს, მათ არ მოუწევთ ბრძოლა უკრაინელი ძმების წინააღმდეგ ამ საშინელ ომში
მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას, კარი გაუღოს რუსეთის კორუფციული სისტემის ლტოლვილებს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ენდრიუ ვებერმა განაცხადა, რომელიც საქართველოში ბიოუსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.
„ვიდრე შეკითხვებს ვუპასუხებ, ვიტყვი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ყოფნით. ვხედავ ამდენ პროგრესს ლუგარის ცენტრის მიმართულებით. საქართველო გახდა რეგიონული და გლობალური ლიდერი ბიოუსაფრთხოების კუთხით, რაც, როგორც იცით, „კოვიდის“ პანდემიის შემდეგ იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ასე რომ, ძალიან ამაყი ვარ იმით, რაც აქ იქნა მიღწეული, იმ გამჭვირვალობით, რაც ლუგარის ცენტრმა აჩვენა“, – განაცხადა ენდრიუ ვებერმა.
გამოწვევების შესახებ დასმულ კითხვაზე ვებერმა აღნიშნა, რომ უმაღლესი პრიორიტეტია ბიოლოგიური საფრთხის პრევენცია.
„მთავარი გამოწვევა, რაც გვაქვს, არის, რომ ჩვენ უმაღლეს პრიორიტეტად ვინარჩუნებთ ბიოლოგიური საფრთხის პრევენციას, იქნება ეს ბუნებრივად აღმოცენებული თუ ბიოლოგიური იარაღის მიზანამიმართული გამოყენება, რისი ალბათობაც ძალიან რეალურია მეზობელ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პუტინი, რომელიც იმუქრება ბირთვული იარაღით და სხვა იარაღებით, მათ შორის ბიოლოგიური იარაღით. ასე რომ, გამოწვევაა, რომ გვჭირდება, ჩვენი რესურსები უმაღლეს დონეზე გვქონდეს, რათა ეს იყოს ბოლო პანდემია“, – აღნიშნა ენდრიუ ვებერმა.
კითხვაზე, რამდენად რეალურია ვლადიმერ პუტინის მუქარა და რა უნდა იყოს მასზე რეაქცია, ენდრიუ ვებერმა განაცხადა, რომ პასუხი ისეთი უნდა იყოს, რასაც საქართველო აკეთებს.
„რუსული ტყუილები მოდის მაღალი ეშელონებიდან, პუტინის გიჟური გამოსვლა გასულ კვირას. ამ ბრალდებებში არაფერია ახალი. ეს ტყუილებია. პუტინმა საკუთარ გამოსვლაში ახსენა დიდი ნაცისტი პროპაგნდისტი იოზეფ გებელსი, პუტინსაც ჰყავს საკუთარი გებელსები, რომლებიც პროპაგანდას ავრცელებენ და პასუხი უნდა იყოს ზუსტად ისეთი, რასაც საქართველო აკეთებს, იყოს ამაყი იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ, გავაძლიეროთ ჯანდაცვა და დავიცვათ მოსახლეობა საფრთხეებისგან. მხოლოდ ორი ქვეყანა არსებობს, რომელსაც ვიცით, რომ ბიოლოგიური იარაღი აქვს. ეს არის რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა. სხვებზე ეჭვი არსებობს, მაგრამ ეს ორი დაზუსტებით ვიცით და ირონიულია, რომ კრილოვი თავის კომენტარებში ამბობს ტყუილებს უკრაინის, საქართველოს, ყაზახეთის, ამერიკის წინააღმდეგ“, – განაცხადა ვებერმა.
მისივე თქმით, ახლა საქართველო ძლიერ სტრატეგიულ პოზიციებზეა.
„როდესაც ჩვენ ვუყურებთ რუსეთის არმიის საშინელ ქმედებებს, უკრაინაში, რუსეთის არმიის სისუსტემ ბევრი ადამიანი გააოცა და ვფიქრობ, ეს საქართველოს უფრო ძლიერ პოზიციაზე აყენებს. ჩვენ ვნახეთ ასობით ათასი რუსი კაცი, რომელიც ცდილობს, თავი აარიდოს ამ საშინელ ომს. ისინი ჩამოდიან საქართველოში, ყაზახეთში. მე მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას, კარი გაუღოს კორუფციული სისტემის ამ ლტოლვილებს. მათ არ მოუწევთ ბრძოლა უკრაინელი ძმების წინააღმდეგ ამ საშინელ ომში“, – აღნიშნა ვებერმა.
მისივე თქმით, რუსეთის პროპაგანდა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით დაიწყო 15 წლის წინ.
„ვფიქრობ, მიზეზი არის ის, რომ შესაძლოა, ისინი ემზადებოდნენ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის გამოსაყენებლად ან სხვა მასობრივი იარაღის გამოყენებისთვის. მეორე მიზეზი არის რუსული საზოგადოების წინაშე ომის გამართლება, რაც სინამდვილეში არის არაპროვოციებული თავდასხმა მეზობელზე. მაგრამ ეს ტყუილები არ არის ახალი. ახალი არის ის, რომ ჩინეთიც ამართლებს ამას“, – განაცხადა ენდრიუ ვებერმა.