ქეთევან ციხელაშვილი - ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან ვისაუბრეთ დეზინფორმაციის კამპანიური ხასიათის ახალ ეპიზოდზე, რომელიც მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ
ქეთევან ციხელაშვილი - ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან ვისაუბრეთ დეზინფორმაციის კამპანიური ხასიათის ახალ ეპიზოდზე, რომელიც მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ

ძალიან შემაშფოთებელია, რაც ისმის ცხინვალის ე.წ. სამსახურებიდან და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ როზარია პულისისთან ვიდეოშეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასაც.

„დეტალურად ვისაუბრეთ დეზინფორმაციის კამპანიური ხასიათის იმ ახალ ეპიზოდზე, რომელიც უკვე კვირების განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიდის. სწორედ მაშინ, როდესაც ეს ლაბორატორია იყო და არის ინსტრუმენტული იმისთვის, რომ ამ ეტაპისთვის საქართველო „კოვიდ-19“-თან ბრძოლას ეფექტურად გამკლავებოდა. ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც ისმის ცხინვალის ე.წ. სამსახურებიდან და ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. რა თქმა უნდა, ნატო-დან ჩვენი პარტნიორები ყველა ამ პროცესს ძალიან ყურადღებით აკვირდებიან. მათი პოზიცია ყველასთვის კარგად ცნობილია. ისინი მხარს უჭერენ საქართველოს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და საქართველოს ხალხს, როგორც „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში, ისე ოკუპაციის წინააღმდეგ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.