„ევროაქტივი“ - საქართველოში მდებარე ლუგარის სახელობის ცენტრი დიდი ხანია, დეზინფორმაციული შეტევების სამიზნეა
„ევროაქტივი“ - საქართველოში მდებარე ლუგარის სახელობის ცენტრი დიდი ხანია, დეზინფორმაციული შეტევების სამიზნეა

გამოცემა „ევროაქტივი“ ფეიკნიუსების მორიგ ტალღას უწოდებს ინფორმაციას, თითქოს თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში ვირუსის გავრცელებას ცდილობენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი დიდი ხანია, დეზინფორმაციული შეტევების სამიზნეა.

„საქართველოს შემთხვევაში, ეს საკითხი განსაკუთრებით მგრძნობიარე, რადგან აშშ-ის „რესპუბლიკელი“ სენატორის, რიჩარდ ლუგარის სახელობის სამედიცინო დაწესებულებამ „კოვიდ-19“-ზე ქვეყნის წარმატებულ რეაგირებაში დიდი როლი შეასრულა“, – წერს „ევროაქტივი“.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, რუსეთი ირწმუნება, „რომ აშშ ლუგარში მწერებს სხვადასხვა ბიოლოგიური აგენტების და პათოგენების გადამტანად იყენებს“. „ევროაქტივი“ წერს, რომ რუსეთმა ლუგარის ცენტის დათვალიერება უცხო ქვეყნების წარმომადგენლებისა და ორგანიზაციების თანდასწრების გარეშე მოითხოვა, რაზეც საქართველოსგან უარი მიიღო. გამოცემას მოჰყავს ევროკავშირის საგარეო სამსახურის აღმოსავლეთ „სტრატკომის“ სამუშაო ჯგუფის წევრის (რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე მუშაობს) ციტატა: „საიდუმლო ლაბორატორიების“ თეორია დეზინფორმაციის გავრცელების კარგი გზა აღმოჩნდა. კრემლის მხარდამჭერი მედიის აშკარა წარმატებით მოხიბლულმა სხვა აქტორებმაც დაიწყეს მსგავსი ტაქტიკების გამოყენება, თითქოს კორონავირუსის გავრცელება ცხადყოფს საიდუმლო ლაბორატორიების არსებობას“.

როგორც გამოცემა „ევროაქტივი“ წერს, დეზინფორმაციის სამიზნე ევროპაც გახდა, როდესაც კრემლის მხარდამჭერმა მედიამ გააჟღერა თეორია, თითქოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სასწრაფო დახმარების მანქანები, რომლებიც ცხინვალსა და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის გამყოფი ხაზის გასწვრივ იმყოფებიან, ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაყენებლად ნიმუშებს აგროვებდნენ. სამოქალაქო მონიტორინგის მისიამ ამას „მავნე და უპასუხისმგებლო დეზინფორმაცია“ უწოდა.