კელი დეგნანი - დღეს ჩემი თვალით ვიხილე მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც სრულდება ქართველი ხალხის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად
კელი დეგნანი - დღეს ჩემი თვალით ვიხილე მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც სრულდება ქართველი ხალხის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად

დღეს ჩემი თვალით ვიხილე მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც სრულდება ქართველი ხალხის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ლუგარის ცენტრში განაცხადა.

კელი დეგნანის თქმით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მართლაც უმნიშვნელოვანესი სამუშაო შეასრულა „კოვიდ-19“-ის საგანგებო ვითარების მართვის კუთხით, რასაც აღიარებს მთელი მსოფლიო.

„დღეს მე ჩემი თვალით ვიხილე ის მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც ხორციელდება ქართველი ხალხის სიცოცხლისა და მათი ჯანმრთელობის დასაცავად. ასევე, მსოფლიო საერთო ძალისხმევის მხარდასაჭერად, რაც გულისხმობს საქმიანობას, ისეთ ვირუსებთან ბრძოლას, როგორიცაა „ცე“ ჰეპატიტი, აივ-ი და სხვა ვირუსები.

კიდევ ერთხელ, ეს მიანიშნებს იმ თანამშრომლობაზე, რომელიც არსებობს საქართველოსა და აშშ-ს შორის. ეს ასევე მიანიშნებს საქართველოს მნიშვნელობაზე და როლზე, როგორც რეგიონულ ცენტრზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის მიმართულებით.

და რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და დახმარებას ამ მიმართულებით.

„კოვიდი“ ერთ-ერთი მაგალითია იმ გამოწვევებისა, რომელიც შეიძლება არსებობდეს მომავალშიც. ასე რომ, ვფიქრობთ, ახლა კარგი დროა, ცენტრმა გააფართოვოს თავისი შესაძლებლობები, საქმიანობის არეალი, როგორც რეგიონულმა სანიმუშო ცენტრმა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.