ენდიაი - საქართველოში გამოკითხულთა 55 პროცენტი მიიჩნევს, რომ ძლიერი ლიდერი მმართველობის ცუდი ფორმაა
საქართველოში გამოკითხულთა 55 პროცენტი მიიჩნევს, რომ ძლიერი ლიდერი მმართველობის ცუდი ფორმაა. ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.
ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 28 პროცენტი ძლიერ ლიდერს მმართველობის კარგ ფორმად მიიჩნევს, ხოლო 17 პროცენტი აცხადებს, რომ არ იცის.
თბილისში გამოკითხულთა შემთხვევაში ძლიერ ლიდერს მმართველობის ცუდ ფორმად უფრო მეტი, 65 პროცენტი მიიჩნევს.
დიდი ქალაქების მიხედვით, ძლიერი ლიდერის მმართველობის ცუდ ფორმად შეფასების მაჩვენებელი შედარებით დაბალი, 51 პროცენტი, ხოლო პატარა ქალაქების მიხედვით უფრო მაღალი – 60 პროცენტია.
რაც შეეხება რესპონდენტთა ასაკობრივ განაწილებას, ძლიერ ლიდერს მმართველობის ცუდ ფორმად ყველაზე მეტი, 58 პროცენტი 18-34 ასაკის მოქალაქეებს შორის აფასებს.
კვლევის საველე სამუშაოები „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC – საქართველო) ჩაატარა.
კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.