ენდიაი - გამოკითხულთა 60 პროცენტი ნაწილობრივ ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ ახალი პრეზიდენტი დადებითად წარმოაჩენს საქართველოს საერთაშორისო არენაზე
საქართველოში გამოკითხულთა 60 პროცენტი ნაწილობრივ ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ ახალი პრეზიდენტი დადებითად წარმოაჩენს საქართველოს საერთაშორისო არენაზე. აქედან 37 პროცენტი მოსაზრებას სრულად ეთანხმება, 23 პროცენტი კი ნაწილობრივ. ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.
გამოკითხულთა 11 პროცენტი ნაწილობრივ, 14 პროცენტი კი სრულად არ ეთანხმება, რომ ახალი პრეზიდენტი დადებითად წარმოაჩენს საქართველოს საერთაშორისო არენაზე.
რესპონდენტთა 37 პროცენტი ნაწილობრივ, 22 პროცენტი კი სრულად ეთანხმება, რომ ახალი პრეზიდენტი შეეცდება სხვადასხვა პოლიტიკურ და სოციალურ ჯგუფებს შორის კონსენსუსის მიღწევას. მოსაზრებას ნაწილობრივ არ ეთანხმება 11 პროცენტი, ხოლო 14 პროცენტი სრულად.
საქართველოში გამოკითხულთა 38 პროცენტი ნაწილობრივ, 17 პროცენტი კი სრულად ეთანხმება, რომ ახალი პრეზიდენტი საპრეზიდენტო ფონდს სასარგებლო პროექტების განსახორციელებლად გამოიყენებს.
გამოკითხვაში მონაწილეთა 37 პროცენტი ნაწილობრივ, 19 პროცენტი კი სრულად ეთანხმება, რომ ახალ პრეზიდენტს, ზოგადად, არანაირი გავლენა არ ექნება, რადგან მისი ძალაუფლება შეზღუდულია.
რესპონდენტთა 37 პროცენტი ნაწილობრივ, 15 პროცენტი კი სრულად ეთანხმება, რომ ახალი პრეზიდენტი მისნაირი ადამიანებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს წამოჭრის.
კვლევის საველე სამუშაოები „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC – საქართველო) ჩაატარა.
კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.