ენდიაი - გამოკითხულთა 42 პროცენტი ირაკლი კობახიძის საქმიანობას დადებითად აფასებს
საქართველოში გამოკითხულთა 42 პროცენტი დადებითად (კარგად) აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საქმიანობას. ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.
საქართველოს მასშტაბით პარლამენტის სპიკერის საქმიანობას უარყოფითად (ცუდად) აფასებს 32 პროცენტი, ხოლო 25 პროცენტი აფასებს, რომ არ იცის.
ირაკლი კობახიძის საქმიანობის ნეგატიური შეფასება სჭარბობს თბილისსა და დიდ ქალაქებში (39 პროცენტი უარყოფითი, 36-37 პროცენტი დადებითი), ხოლო პატარა ქალაქებსა და სოფლებში პარლამენტის სპიკერის საქმიანობას მეტი დადებითი შეფასება აქვს (პატარა ქალაქები – 46 პროცენტი, სოფლები 51 პროცენტი).
რაც შეეხება უმცირესობათა დასახლებებს, აქ ყველაზე მაღალი იმ პირთა რიცხვია, რომლებიც აცხადებენ, რომ არ იციან კარგია თუ ცუდი ირაკლი კობახიძის საქმიანობა.
კვლევის საველე სამუშაოები „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC – საქართველო) ჩაატარა.
კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.