ემზარ კვიციანი - ვანო მერაბიშვილის განცხადება საკმარისია, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ბედნიერი პატიმარი იყო და წინა ხელისუფლების დროინდელი პატიმრების მსგავს პირობებში არ ყოფილა.
„პირდაპირ თქვა, ერთ წელიწადში დავამხობო რეჟიმს, რომელმაც გადაარჩინა. ვანო მერაბიშვილი იყო ერთ-ერთი ბედნიერი პატიმარი, ყოველდღე სიკვდილს არ ელოდებოდა ციხეში, დაცვის ქვეშ იყო, სახელმწიფო აჭმევდა, ასმევდა და იყო თბილად. ვანო მერაბიშვილის დროინდელი ციხეები რომ ყოფილიყო, აი, მაშინ შეგვეცოდებოდა ნამდვილად მისი იქ ყოფნა. კოაბიტაცია ხომ გასაგებია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე პირები ყველანაირად არიან დაცული ციხეშიც და გარეთაც. ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება, მოაძლიერონ“, – აღნიშნა ემზარ კვიციანმა.
მისივე თქმით, 2006 წელს განცხადების გაკეთებისას მას ხელისუფლების დამხობა არ უხსენებია, როგორც ეს დღეს ვანო მერაბიშვილმა გააკეთა.
„დამნაშავე ვანო მერაბიშვილი, დამნაშავე სააკაშვილი, დამნაშავე ოქრუაშვილი, ამას ვიძახი იმიტომ, რომ განაჩენები გამოტანილია. 2004 წელს დანაშაული ჩაიდინეს და ეს დამნაშავეები თავს დაგვესხნენ კოდორში, რათა კოდორი წაერთვათ კოდორის დამცველებისთვის და მერე გადაეცათ მტრისთვის. ამაზე პასუხს რატომ არ აგებინებენ, რაც სერიოზული ბრალდებაა, სამშობლოს ღალატი, ტერიტორიების გაყიდვა; დიდ თანხაზე გაყიდული ჩვენი ტერიტორიები, იმ ოთხ მილიარდს დღესაც ვერ პოულობს სახელმწიფო. ოთხი მილიარდი, რომელიც გადმოერიცხათ კოდორისა და ცხინვალის ჩაბარებისთვის, დარჩენილი სოფლების ჩაბარების შემდეგ, იმ ოთხ მილიარდ-ნახევრით ვითომ რაღაცა გააკეთეს ლტოლვილებისთვის და ოთხი მილიარდი არის გამქრალი. ეს განცხადება საკმარისია, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, როგორც დამხობისკენ მოწოდება. არ გახსოვთ, რას აკეთებდნენ თვითონ? მაგრამ ეს უნიათობა რატომ ემართება ხელისუფლებას? იმიტომ, რომ ეტყობა, თვითონ არ მართავს სიტუაციას“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
მისივე თქმით, გასაგებია, რომელ პარტიაშიც იქნება ვანო მერაბიშვილი, მაგრამ რომელ მხარეზეც არ უნდა იყოს, კვიციანის განცხადებით, მისი მოწინააღმდეგე იქნება.
„ჯერ ერთი, მარტო კრიალაშვილის სიკვდილი. ვინ აპატიებდა მაგას გარეთ რომ ყოფილიყო. მერე სხვები, რამდენი შეკვეთილი მკვლელობა აქვს ჩადენილი მაგას. პირდაპირ ეთერში არ შეუკვეთა, ორი გვამი მინდაო. იმხელაზე თავს აქვთ გასული „ნაციონალებს“, რომ, ბოდიში ამ სიტყვაზე, სულ ფეხებზე ჰკიდიათ ქართველი ხალხი, იმდენად არიან გაზულუქებულები, საერთოდ არაფრად მიაჩნიათ ქართველი ხალხი, იმიტომ, რომ უნიათოდ ვიქცევით“, – აღნიშნა ემზარ კვიციანმა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა. ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.