EMC, „სოლიდარობის ქსელი“ და „აუდიტორია 115“ მეტროს თანამშრომელთა მხარდამჭერ აქციას გამართავენ
EMC, „სოლიდარობის ქსელი“ და „აუდიტორია 115“ მეტროს თანამშრომელთა მხარდამჭერ აქციას გამართავენ

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი“ და „აუდიტორია 115“ დღეს მეტროსადგურ „რუსთაველთან“ თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა მხარდამჭერ აქციას გამართავენ.

„მემანქანეთა ანაზღაურება 2013 წლიდან არ გადახედილა და მათი სამუშაო პირობები იგივე რჩება – „სამხედრო“ გრაფიკი, მტვერში რკინის მაღალი შემცველობა, უჟანგბადობა, მომატებული ხმაური, ვიბრაცია, ელექტრული ველი და ჯანმრთელობის დამაზიანებელი სხვა ფაქტორები“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მეტროს თანამშრომელთა გაფიცვა სრულად კანონიერია.

„ისინი წლების მანძილზე მოლაპარაკებების გზით უშედეგოდ ცდილობდნენ მიეღოთ სამართლიანი ანაზღაურება. დღეს მათ სრული უფლება აქვთ, გაფიცვის გზით იბრძოლონ საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად. გაფიცვის გადავადების შემდეგ, თბილისის სატრანსპორტო კომპანია არ ცდილობს მოლაპარაკებების გაგრძელებას“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

შეგახსენებთ , რომ მეტროს თანამშრომლებს გაფიცვა 3 მაისს უნდა გაემართათ, მაგრამ დაანონსებული პროტესტი გადაიდო, რადგან შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2018 წლის 1-ელ მაისს საქალაქო სასამართლოს გაფიცვის 30 დღით გადავადების განცხადებით მიმართა. სასამართლომ კომპანიის მიმართვა იმ მოტივით დააკმაყოფილა, რომ მეტროს თანამშრომელთა გაფიცვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობისათვის საფრთხეს შექმნიდა.

21 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადების საფუძველზე, მეტროს თანამშრომელთა პროფესიულ გაერთიანებას „ერთობა-2013“-ს, კიდევ ერთხელ, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება.