EMC - იანვარ-ივნისის მონაცემებით, 2019 წელს საწარმოებში უბედური შემთხვევებისას დაშავდა 71 და დაიღუპა 25 ადამიანი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა შრომის უსაფრთხოებაზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგები წარადგინა.
ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, 2018 წელს საწარმოებში მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, 2018 წელს 59 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 199 დაშავდა. 2019 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, 71 პირი დაშავდა, ხოლო 25 გარდაიცვალა.
EMC-ის კვლევის მიხედვით, 2018 წელს საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა მხოლოდ 35 შემთხვევა განიხილეს და მათგან თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ორის შეთხვევაში განისაზღვრა.
ცენტრის ინფორმაციით, მინდელის შახტაში 2018 წლის 16 ივლისს მომხდარი უბედური შემთხვევის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობდა, რომელიც გულისხმობს შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგად სამი მოქალაქის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა. ყველა მათგანი იყო სამუშაოზე დასაქმებული მუშა და არც ერთი მენეჯერის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.
EMC-ის შეფასებით, აღნიშნულ შემთხვევამდე შახტის მენეჯმენტს უნდა ჩაეტარებინა კვლევა, იყო თუ არა სამუშაოების წარმოებისთვის N1 ნახშირმომპოვებელი უბანი ვარგისი, რადგან 16 ივლისამდე რამდენიმე თვით ადრე მძიმე საწარმოო შემთხვევა მოხდა.
ადამიანთა უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში კვლევის შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევების მაგალითზე სამუშაო შეხვედრა „გამოძიების ხარვეზები შრომის უსაფრთხოების საქმეებში“ იმართება. შეხვედრას ესწრებიან პროფესიული კავშირის წარმომადგენლები, ექსპერტები და სამუშაო ადგილზე დაზარალებულთა ოჯახის წევრები.