საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპი აგრესიულ პოლიტიკაში დაადანაშაულა. ევროპული სახელმწიფოს პირველმა პირმა ელჩებთან გამართულ კონფერენციაზე საერთაშორისო პოლიტიკა განიხილა, სადაც ძირითადი აქცენტი ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკაზე გააკეთა.
„მულტილატერალიზმი სერიოზულ კრიზისს განიცდის. ეს კი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკით არის გამოწვეული. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ეჭვის შეტანას, ერთმხრივ და აგრესიულ კომერციულ პოლიტიკას, რომელმაც ჩინეთთან, ევროპასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან სავაჭრო ომი გამოიწვია, ემატება ირანის ბირთვული და პარიზის კლიმატური შეთანხმებებიდან გამოთიშვა. ჩვენ ძალიან დიდი გავლენის მომსწრეები ვართ. პარტნიორი, რომელთანაც ომის შემდგომ ევროპამ მრავალმხრივი ურთიერთობა ჩამოაყალიბა, როგორც ჩანს, ამ საერთო ისტორიას უგულებელყოფს“,- განაცხადა ემანუელ მაკრონმა დიპლომატების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა „ბრექსითზეც“ ისაუბრა. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის ერთობის შენარჩუნება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე „ბრექსითის“ შემდგომ დიდ ბრიტანეთთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება.
„ეს სუვერენული არჩევანია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. მაგრამ ამას ევროკავშირის ერთობა არ უნდა შეეწიროს“,- დასძინა ემანუელ მაკრონმა სიტყვით გამოსვლის დროს.
მანამდე ემანუელ მაკრონი ტერეზა მეის შეხვდა. პოლიტიკოსებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლასა და მხარეებს შორის მისაღწევ შეთანხმებაზე ისაუბრეს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ- მინისტრთან მოლაპარაკებების შემდეგ, მაკრონმა განაცხადა, რომ „ბრექსითის“ პროცესის დასრულება წლის ბოლომდე სურს.