ელტონ ჯონი საერთაშორისო გამოსვლებს 2021 წელს დაასრულებს. ამის შესახებ მომღერალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ელტონ ჯონის თქმით, წელს ბოლო ტურნეს იწყებს, რომელიც 2021 წლამდე გასტანს. გამოსამშვიდობებელი ტურნეს სახელია „ყვითელი აგურის გზა“.
მომღერლის ინფორმაციით, ამის შემდეგ მოგზაურობას შეწყვეტს და მხოლოდ მუსიკას შექმნის.
პრესკონფერენციაზე მომღერალმა აღნიშნა, რომ ბოლო ტურნეს ამერიკიდან დაიწყებს და მსოფლიოს გარშემო გააგრძელებს.
ელტონ ჯონმა ასევე აღნიშნა, რომ დანარჩენი დრო სურს ბავშვებს დაუთმოს. მომღერალმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს.
მანამდე BBC წერდა, რომ ელტონ ჯონი საერთაშორისო გამოსვლებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო წყვეტს.
ელტონ ჯონს კარიერის განმავლობაში 200 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული და მის კონცერტებს მილიონობით ადამიანი დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ შარშან მომღერალმა ცხრა კონცერტი გადადო. ამის მიზეზი ინფექციური დაავადება გახდა, რომელიც მას სამხრეთ აფრიკაში ტურნეს დროს დაუდგინეს. როგორც ელტონ ჯონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, დაავადების გამო მუსიკოსმა ორი ღამე რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა. მიუხედავად ამისა, 2017 წელს მომღერალმა 87 შოუ მაინც გამართა.
როგორც ცნობილია, მუსიკოსი რამდენიმე დღეში გრემის დაჯილდოვების ცერემონიაზე მაილი საირუსთან ერთად დუეტს შეასრულებს. უახლოეს დღეებში ასევე დაგეგმილია მისი გამოსვლა მედისონ სქუეარ გარდენზე.
ელტონ ჯონს 2018 წელს კონცერტები 19-ზე მეტ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც აქვს დაგეგმილი, მომღერალმა შეკვეთილში ორი კონცერტი, 30 ივნისს და 1 ივლისს უნდა გამართოს.
შარშან ელტონ ჯონის სტუმრობა საქართველოში გადაიდო. ამის მიზეზად მომღერლის ბენდის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.