ელიზაბეთ რუდი - შეშფოთებული ვართ იმის გამო, რაც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ხდება
ელიზაბეთ რუდი - შეშფოთებული ვართ იმის გამო, რაც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ხდება

ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ იმის გამო, რაც ხდება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მათ შორის ჩორჩანასთან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად, ყველა არსებული მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული.

„ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ განვითარებული მოვლენებით, რაც ხდება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მათ შორის ჩორჩანასთან, როდესაც საოკუპაციო რეჟიმმა გადმოსწია ხაზი თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოყენებული უნდა იყოს ყველა მექანიზმი, მათ შორის ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციის მექანიზმი, ჟენევის ფორმატი, რათა ეს საკითხები იქნას მოგვარებული“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

რუდმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“, – განაცხადა რუდმა.