ელიზაბეთ რუდი - როგორც აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელი, აღვნიშნავ საქართველოს დიდ პროგრესს, თუმცა ახლა არის მნიშვნელოვანი მომენტი დემოკრატიულ გზაზე
ელიზაბეთ რუდი - როგორც აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელი, აღვნიშნავ საქართველოს დიდ პროგრესს, თუმცა ახლა არის მნიშვნელოვანი მომენტი დემოკრატიულ გზაზე

მინდა, აღვნიშნო, ის ძალიან დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია, თუმცა ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს დემოკრატიულ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა, რომელსაც აშშ-ის კონგრესმენის, რესპუბლიკური პარტიის წევრის, მარკუეინ მალინის წერილზე დაუსვეს კითხვა.

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, კონგრესი აშშ-ის ხელისუფლების საკანონმდებლო შტოს წარმოადგენს.

„კონგრესი წარმოადგენს ამერიკის საკანონმდებლო შტოს და შესაბამისად, მე გირჩევთ, მიმართოთ მათ დეტალური კომენტარისთვის. რაც შემეხება მე, როგორც აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელს, მინდა, აღვნიშნო ის ძალიან დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია, თუმცა ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს დემოკრატიულ გზაზე. ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც მიმდინარეობს აშშ-ს, ევროკავშირისა დ ევროსაბჭოს მხარდაჭერით. ეს წარმოადგენს ძალიან კარგ შესაძლებლობას მმართველი გუნდისთვის და ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ მიაღწიონ შეთანხმებას, წავიდნენ გარკვეულ დათმობაზე და მიიღონ საუკეთესო მოდელი ქვეყნისა და დემოკრატიის განვითარებისთვის“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისეთი საარჩევნო რეფორმის გატარება, რომლშიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული.

„მნიშვნელოვანია ისეთი საარჩევნო რეფორმის მიღება, რომელიც გაითვალისწინებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ამ მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში ნებისმიერი საგამოძიებო პროცესი, ბრალდება თუ სასამართლო პროცესი თავისუფალი იყოს პოლიტიკური გავლენებისგან, რადგან ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ადამიანის უფლებების დაცვას, ასევე ხელს შეუწყობს მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის შექმნას და ამავდროულად, გააძლიერებს ჩვენს საერთო ღირებულებებს, რაც აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველია“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.