ელიზაბეთ რუდი - ცე ჰეპატიტის ვადაგასულ მედიკამენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაშუქებამ მედიაში პოლიტიზებული სახე მიიღო
ელიზაბეთ რუდი - ცე ჰეპატიტის ვადაგასულ მედიკამენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაშუქებამ მედიაში პოლიტიზებული სახე მიიღო

ცე ჰეპატიტის ვადაგასულ მედიკამენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაშუქებამ მედიაში პოლიტიზებული სახე მიიღო, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას სამინისტრო ავრცელებს.

ელიზაბეთ რუდი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს, ამერიკის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრების, ასევე ფარმაცევტული კომპანია „გილიადის“ ჩართულობით. ვადაგასულ მედიკამენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაშუქებამ მედიაში პოლიტიზებული სახე მიიღო. მე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ აღნიშნულ პროგრამას სრულ ნდობას ვუცხადებთ. პრეპარატების რაოდენობა, რომელთაც სარგებლობის ვადა ამოეწურა, მთლიანად ჯდება საერთაშორისო სტანდარტებში. მომწოდებელმა ფარმაცევტულმა კომპანიამაც იგივე სახის განცხადება გაავრცელა. მინდა, მოვუწოდო ყველა ქართველს, რომ ჩაიტარონ სკრინინგი და მიიღონ ის ბენეფიტები, რასაც სახელმწიფო ცე ჰეპატიტის მკურნალობის მიზნით აბსოლუტურად უფასოდ სთავაზობს. აღნიშნული კი ქვეყანასაც დაეხმარება, მიაღწიოს ცე ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნებს,“ – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი