აშშ-ის საელჩო რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით საქართველოს გადაწყვეტილებას მიესალმება
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით საქართველოს გადაწყვეტილებას მიესალმებიან.
„რუსეთის ქმედებებს ექნება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ვხედავთ საქართველოს ამ ქმედებას, როგორც სოლიდარობას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც გააძევეს რუსი დიპლომატები და ეს იმიტომ, რომ რუსეთმა განახორციელა თავდასხმა ბრიტანეთის მოქალაქეზე და მის ქალიშვილზე ბრიტანეთის ტერიტორიაზე.
შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით საქართველოს გადაწყვეტილებას, რომ ის შეუერთდა სხვა ქვეყნებს. ზოგადად, 28 ქვეყანამ გააძევა სადაზვერვო სამსახურის 158 თანამშრომელი და ეს გახლავთ სიმბოლო იმისა, რომ არიან ერთიანი და მათთვის მიუღებელია ეს ქმედება“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად შვიდდღიან ვადას აძლევს. საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.