ელიზაბეთ რუდი - მოუთმენლად ველოდებით ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერებას შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით
ბათუმის ნავსადგურში მყოფ ამერიკულ სამხედრო ხომალდ „პორტერზე“ საზეიმო მიღება მოეწყო.
მიღებას შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი მასპინძლობს. მან გემის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ქართულად ისაუბრა.
„მოხარული ვარ, რომ ვხვდები ამერიკული გემის ეკიპაჟს ბათუმში და მოუთმენლად ველოდებით ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერებას შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. „პორტერის“ ვიზიტი საქართველოში წელს ამერიკის სამხედრო გემების მესამე ვიზიტია, ეს ვიზიტები ადასტურებს ამერიკის ერთგულებას უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ შავი ზღვის რეგიონში. მე მინდა მადლობა გადავიხადო ბათუმის, აჭარის მოქალაქეებს სტუმართმოყვარეობისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალებს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო მშვიდობის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის. მოხარულები ვართ, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან გემის ვიზიტთან დაკავშირებით. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოსთან და ჩვენ კმაყოფილები ვართ მოსული სტუმრებით“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა
საზეიმო მიღებას საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები, ასევე სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობა ესწრება.
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) ბათუმის ნავსადგურს 22 ოქტომბერს ესტუმრა.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტი ემსახურება აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით. საელჩოს ცნობით, ეს გემის მეორე ვიზიტია საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობას.