ელიზაბეთ რუდი - მემახსოვრება ქართველი ხალხის სითბო და სიკეთე, საქართველოს ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში [ვიდეო]
ჩემთვის განსაკუთრებით დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი საქართველოში და ერთობლივად გვემუშავა საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების, დემოკრატიის გაღრმავებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით, – ამის შესახებ ელიზაბეთ რუდის გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ასრულებდა.
ელიზაბეთ რუდის გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა საელჩოს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
„მსურს, მადლობა გადავუხადო თითოეულ ქართველს, ვისაც კი შევხვედრილვარ, ჩემ მიმართ გამოვლენილი სტუმართმოყვარეობისა და თანამშრომლობისთვის გასული სამი წლის განმავლობაში. ჩემთვის განსაკუთრებით დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი საქართველოში და ერთობლივად გვემუშავა საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების, დემოკრატიის გაღრმავებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი ჩვენ ერთობლივი ძალისხმევა გავწიეთ ახალ გამოწვევასთან – „კოვიდ-19“-თან გასამკლავებლად“, – აცხადებს რუდი.
მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მომდევნო თვეების განმავლობაში.
„საქართველოს რეაგირება პანდემიაზე შთამბეჭდავია და აშშ გააგრძელებს საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების მხარდაჭერას მომდევნო თვეების განმავლობაში. ძალისხმევა არ დავიშურე, რომ საქართველოს თითოეული კუთხე მომენახულებინა. გამაოცა საქართველოს მთების, ტყეებისა და მდინარეების სილამაზემ, ვნახე მზის ჩასვლა შავი ზღვის სანაპიროზე ბათუმში და მოვისმინე ბულბულის გალობა ვაშლოვანის სტეპში. შემიყვარდა უძველესი მელოდიები, რომლებიც საქართველოს ტრადიციების სიმბოლოა და ახალი სიმღერები რომლებიც მის ენერგიულ აწმყოს განასახიერებს. ყველაზე მეტად კი, მემახსოვრება ქართველი ხალხის სითბო და სიკეთე, საქართველოს ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში. გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას, ერთიანობასა და სამართლებრივ დემოკრატიულ მომავალს“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.