ელისო ბოლქვაძე იუნესკო-ს ამბასადორიალზე მშვიდობის ელჩად მეორე ვადით აირჩიეს
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე პარიზში, იუნესკო-ს გენერალური დირექტორის, ოდრე აზულეს მიწვევით, იუნესკო-ს მშვიდობის ელჩების ამბასადორიალს ესწრება.
ამბასადორიალზე ელისო ბოლქვაძე მშვიდობის ელჩად მეორე ვადით აირჩიეს.
იუნესკო-ს ამბასადორიალის ფარგლებში ბოლქვაძემ მონაწილეობა მიიღო ასამბლეაზე, სადაც განიხილეს საზოგადოებაში ხელოვნების და კულტურის როლის მნიშვნელობა, კულტურული დიალოგი – მშვიდობის და ჰარმონიის მთავარი გზავნილი კაცობრიობას.
ასამბლეაზე ასევე ისაუბრეს გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და ოკეანის დაცვა.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, იუნესკო-ს მშვიდობის ელჩი ელისო ბოლქვაძე, ამბასადორიალის ფარგლებში პარიზში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც საქართველოს, როგორც იუნესკოს ღირებულებების გამზიარებელი ქვეყნის, აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრებს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.