ელიავას ბაზრობის დაზღვეულ მეწარმეებს ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს
ელიავას ბაზრობის დაზღვეულ მეწარმეებს ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს

სადაზღვევო კომპანია „ალფა“ აგლაძის ქუჩაზე, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ დაზღვეულ მეწარმეებს ზარალს მაქსიმალურად მოკლე ვადებში აუნაზღაურებს, – ამის შესახებ კომპანია „ალფას“ გენერალურმა დირექტორმა, კახაბერ დიასამიძემ განაცხადა, რომელიც ელიავას ბაზრობაზე მივიდა.

მისი თქმით, ბაზრობაზე „ალფას“ ბენეფიციარია 63 მეწარმე. ზარალი კონტრაქტის შესაბამისად გაწერილი პირობების ფარგლებში ანაზღაურდება.

„ბაზრობა და მისი მეწარმეები, ვინც აქ საქმიანობდნენ, „ალფაში“ არიან დაზღვეულნი. შესაბამისად, „ალფას“ ხელმძღვანელობა  მოტივირებულია, ყველა დანაკარგი, რაც ამ შემთხვევით დადგა, თითოეულ მათგანს მაქსიმალურად ოპერატიულად აუნაზღაუროს იმ ფარგლებში, რაც შესაბამისი კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. ამ ბაზრობაზე ჩვენი ბენეფიციარი არის 63 მეწარმე. თავად ბაზრობა, მისი ტერიტორიაც დაზღვეულია თავისი პასუხისმგებლობით. შესაბამისად ბაზრობის ადმინისტრაციას და თითოეულ ბენეფიციარს ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადებში ავუნაზღაურებთ ყველა დანაკარგს“, – განაცხადა კახაბერ დიასამიძემ.

აგლაძის ქუჩაზე, სადაც ცეცხლი ხის მასალის საწყობში გაჩნდა, დამწვარია დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობი. ხანძარი ლოკალიზებულია და მისი ცალკეული კერების ლიკვიდაცია მიმდინარეობს. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.