აგლაძის ქუჩაზე ხანძრის ლიკვიდაციას სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე საათი დასჭირდება
აგლაძის ქუჩაზე ხანძრის ლიკვიდაციას სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე საათი დასჭირდება

თბილისში, აგლაძის ქუჩაზე, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციას კიდევ რამდენიმე საათი დასჭირდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა ყირიმელმა განუცხადა.

მისი თქმით, ხანძრის ბაზრობის მთელ ტერიტორიაზე გავრცელების შესაძლებლობა არსებობდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების მუშაობის შედეგად ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა.

„ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფების მოსვლისას ღია ცეცხლი იყო. არსებობდა საშიშროება, ხანძარი გავრცელებულიყო მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ მეხანძრე-მაშველებმა იმოქმედეს დროულად და მოხდა ხანძრის ლოკალიზება“, – განაცხადა მამუკა ყირიმელმა.

ამასთან, როგორც ადგილზე ამბობენ, დაზარალებულთა ნაწილს საქონელი დაზღვეული ჰქონდა, ნაწილს კი, არა.

ერთ-ერთი საწყობის მეპატრონის, გურგენ ქარდავას ინფორმაციით, მას ფართი ყოველთვიურად 900 ლარად ჰქონდა დაქირავებული, თუმცა საქონელი დაზღვეული არ ჰქონია და ჯერ გაურკვეველია, როგორ აუნაზღაურდება ზარალი. როგორც თავად აღნიშნავს, საწყობში, რომელიც დაიწვა, დაახლოებით 8-15 ათასი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი ჰქონდა.

ქარდავას თქმით, 07:00 საათზე, როდესაც ხანძარი გაჩნდა, ტერიტორიაზე დაცვის პოლიცია და ელექტრიკოსი უნდა ყოფილიყვნენ. ის ვარაუდობს, რომ ხანძრის მიზეზი დაუდევრობაა.

აგლაძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია და ამ დროისთვის ცალკეული კერების ლიკვიდირება მიმდინარეობს. ამასთან, მეხანძრე-მაშველები ტერიტორიიდან დამწვარი მასალის გამოტანას ცდილობენ.

ცეცხლი ხის მასალის საწყობში გაჩნდა. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.