ელგუჯა ხოკრიშვილი - საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლების პრობლემა მოხსნილია
საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლების პრობლემა მოხსნილია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის გერმანიაში ვიზიტის შეფასებისას გერმანიაში საქართველოს ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აგვისტოს ბოლოს გერმანიის ბუნდესტაგისგან ელოდებიან გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველო გერმანიამ უსაფრთხო ქვეყნების სიაში უნდა შეიყვანოს.
„საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლების პრობლემა მოხსნილია, მეტიც, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს და დღეს ყველა შეხვედრაზე საქართველოს მადლობა გადაუხადეს.
საქართველოს წარმატებულ მაგალითად განიხილავენ. გერმანიაში ყველა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წუხილი საქართველოს მთავრობამ გაიზიარა და ძალიან მალე გადაიდგა შემხვედრი ნაბიჯები. მაისის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გვაქვს ხელშესახები შედეგები. დღეს გერმანიაში წუხილი აღარ აქვთ და ეს თემა ფაქტობრივად, დღის წესრიგიდან მოხსნილია. ჩვენ აგვისტოს ბოლოს ველოდებით გერმანიის ბუნდესტაგის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველო გერმანიამ უსაფრთხო ქვეყნების სიაში უნდა შეიყვანოს. შემოდგომისთვის უკვე დარჩება მეორე პალატის გადაწყვეტილება. მიწების წარმომადგენლებმა უნდა დაადასტურონ ეს გადაწყვეტილება იმისათვის, რომ ოფიციალურად ძალაში შევიდეს. ამას ექნება პრევენციული შედეგი.
რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, ჩვენ გერმანიასთან გავაღრმავებთ ორმხრივ თანამშრომლობას მიწების და ფედერალურ დონეზე“, – განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.