გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო წელს მეათე ადგილზეა
გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო წელს მეათე ადგილზეა

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო მიმდინარე წელს მეათე ადგილზეა.

ქვეყნის მიგრაციის ფედერალური ბიუროს მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 2953-მა მოქალაქემ მიმართა. შარშან, ანალოგიურ პერიოდში, განაცხადების რაოდენობა 3257 იყო. შესაბამისად, წელს მაჩვენებელი 10 პროცენტითაა შემცირებული.

ამასთან, უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, განაცხადების უდიდეს ნაწილზე მიგრაციის ბიურომ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.

გერმანიაში თავშესაფარი წელს მთლიანობაში 127 917-მა მოქალაქემ მოითხოვა, მათგან 31 436 სირიიდან იყო. ათეულში ასევე შედიან ერაყი, თურქეთი, ნიგერია, ავღანეთი, ირანი, სომალი და ერიტრეა. 3212 განაცხადში მოქალაქეობა მითითებული არ არის.